საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, "სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მოშიმშილე პატმართა მოთხოვნებს ინდივიდუალურად შეისწავლის".
როგორც ბესელიამ სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულების პატიმრების მიერ, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაანონსებული შიმშილობის დაწყების ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, "ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი შესაბამის სამინისტროსთან ერთად ყველა პატიმრის მოთხოვნას კომპლექსურად შეისწავლის, თუმცა რიგი მსჯავრდებულების მოთხოვნების გათვალისინებას გარკვეული დრო სჭირდება".
"ქსანში დაახლოებით, 40 პატიმარს ვესაუბრე. ჩვენ უკვე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმ საქმეების შესწავლას ვიწყებთ, რომლებზედაც უშუალოდ პატიმრებმა მომმართეს. სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ პტროცესში ჩაერთვება. დავიწყებთ იმ პატიმრების საქმეების განხილვას, ვისაც ვადაზე ადრე ან ავადმყოფობის გამო გათავისუფლება ეხება. ამასთან, ვისი საქმეებიც შესასწავლია, ეს კომპლექსური თემაა. ძალიან ბევრია, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლითაც ჩვენი კომიტეტი და შესაბამისი სამინისტრო დაკავდებიან,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულების პატიმრები სხვადასხვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან .
მსჯავრდეულები საქმეებზე შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას და დაავადებულ პატიმართათვის შესაბამისი ყურადღების მიქცევას ითხოვენ.
ამასთან, პატიმართა ნაწილის თქმით, შეკრებითობის გაუქმებაც და ვადაზე ადრე გათავისუფლებაც მხოლოდ იმ პატიმრებს ეხებათ, რომლებსაც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ლობისტები ჰყავთ.