„საქართველოს მოქმედებები ლაბორატორისთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ეჭვებს ადასტურებს", - ეს განცხადება რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ მოსკოვში გააკეთა.
„როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ ბიოლოგიური მოქმედებების გამო.
მისივე თქმით, იმის მცდელობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორია, რომელსაც სავარაუდოდ სამხედრო დანიშნულება აქვს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს „კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ აღნიშნული ობიექტი აშშ-ს ეკუთვნის".
„დღეს საქართველოს ტერიორიაზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მძლავრი ლაბორატორიაა განთავსებული. როდესაც ჩვენ მივმართეთ იქ ჩვენს კოლეგებს, მათ გვითხრეს, რომ (აშშ-სთან) მათ არავითარი კავშირი არ აქვთ.
ახლა კი, ჩვენი განცხადებების შემდეგ, ისინი უმალვე დაუქვემდებარეს საქართველოს ჯანდაცვას. ეს უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ მართალნი ვართ", _ განაცხადა ონიშჩენკომ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფრიკული ღორის ჭირის ვირუსი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ სწორედ ამ ლაბორატორიიდან შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ადრე „როსპოტრებნადზორმა" გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პრინციპულად აუცილებლად მიიჩნევს შეცვალოს ზედამხედველობის ფორმები იმ საკვები პროდუქციის უსაფრთხოებაზე, რომელიც რუსეთში საქართველოდან შედის, იმის გამო, რომ თბილისში აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიაა განთავსებული, რომელიც რუსული მხარის აზრით, შესაძლოა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.