„კარგი იქნება, რომ ქართული ოცნება კვირაგამოშვებით და დღეგამოშვებით არ ცვლიდეს ხოლმე თავის პოზიციას" ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ის რომ პოზიციები ყოველკვირა არ იცვლებოდეს ერთიდაიგივე საკითხთან დაკავშირებით, ამისათვის საჭიროა მეტი კომპეტენტურობა, საჭიროა ელემენტარული მოლაპარაკებები და არა კოჰაბიტაციაში გართულობა. საჭიროა რეალური მოლაპარაკებების წარმართვა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობს, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან სასაუბროდ დისკუსიისათვის და შეხვედრისათვის ახალმა ხელისუფლებამ საერთოდ ვერ მოიცალა მაშინ, როდესაც გაცილებით ჯანსაღი ძალა არის არასაპარლამენტო ოპოზიცია, ვიდრე ის, რომელიც ასე უნდა რომ გადაარჩინოს ქართულმა ოცნებამ, ნაციონალური მოძრაობა მყავს მხედველობაში. რა თქმა უნდა დრო ცოტა დარჩა იმისათვის, რომ შევიდეს ეფექტური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. 10 თვე დაკარგულია აბსოლუტურად ტყუილად, სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთდა ქართული ოცნების მხრიდან, რომ საარჩევნო გარემო შეცვლილიყო და თუნდაც ის ცვლილებები შესულიყო კანონში, რომლითაც ამდენი ხანი კვებავდა დაპირებებით „ექსვიანი" და „რვიანი" სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ახლა პარლამენტშია ეს ექვსიანი და არანაირი ცვლილება მათ 10 თვის განმავლობაში არ შეუტანიათ. კარგი იქნება ახლა, თუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე მაინც შეიტანენ დამატებით ცვლილებებს. თუმცა საარჩევნო გარემო უსერიოზულესი ხარვეზებით რჩება, მათ შორის არის იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და ძალიან ბევრი სხვა საკითხი, რომელიც უდაოდ ძალიან სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს არჩევნების სამართლიანობას და კონკურენტუ გარემოს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები