მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი იყოს მთელი ქვეყნის, თითოეული ქართველის პრეზიდენტი, - განაცხადა "ექსპოჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პარიმერზე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში გამარვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება ლიდერები, რომლებიც ორიენტირებული არიან გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე;
"მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ლიდერები, რომლებიც ორიენტირებული არიან გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე; შერიგებაზე და არა მტრობაზე; შენებაზე და არა ნგრევაზე; ხალხის კეთილდღეობაზე და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე. სწორედ ეს იქნება ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი: გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა. საქართველო ვერ გამთლიანდება მანამ, სანამ პირველ რიგში არ გამთლიანდება ქართული საზოგადოება. ჩვენი ყველას მთავარი ამოცანა კი იყო და იქნება გამთლიანებული, ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველოს შექმნა. ისეთი ქვეყნის სადაც თიოთეული მოქალაქე თავისუფალ, ღირსეულ ადამიანად გრძნობს თავს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი უმცირესობის წევრია; სადაც არავინ ხდება ძალადობის მსხ ვერპლი მისი არჩევნის ან წარმომავლობის გამო; სადაც თავისუფალი არჩევანია მთავარი ღირებულება და ყველას საკუთარი შრომით და ნიცჭით შეუძლია მოიპოვოს კეთილდღეობა. ასეთი ქვეყანა შეძლებს მშვიდობიანად გაუმკლავდეს ყველაზე დიდ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას - დაასრულოს რუსული ოკუპაცია; საბოლოოდ დაშორდეს ეგრეთ წოდებულ "საბჭოთა გავლენის სფეროებს, გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და საერთო გამონახოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალი პრეზიდენტი ზრუნავდეს თითოეული ქართველის უკეთ ცხოვრებაზე, დამოუკიდებლად მისი პოლიტიკური სიმპატიებისგან;
"რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი მთავრობისგან და ხალხთან ერთად გააკონტროლებს მთავრობას, რომ არ იქნას დავიწყებული მთავრობის ის დაპირებები, რომელთა შესრულებაც ასე სჭირდება ხალხს; და ამავე დროს, იყოს პრეზიდენტი, რომელსაც შეეძლება მთავრობასთან საერთო ენის გამოძებნა და მუშაობა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ბაქრაძემ.