პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ,,საქართველოს გზის" დამფუძნებელ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ კონსულტაციებზე განმარტებას აკეთებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა სალომე ზურაბიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების" გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
,, სალომესთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა და მე დიდი პატივს ვცემ მას და დღესაც შემიძლია დავადასტურო მისდამი პატივისცემა. მას სურვილი ჰქონდა ჩვენ გუნდში გაწევრიანების და მას ჰქონდა შეთავაზება ჩვენი გუნდიდანაც და ჩვენი შეხვედრები ამ მიმართულებით ვითარდებოდა. ამ საკითხზე მქონდა გუნდთან საუბარი, საერთოდ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, განცხადებას, თხოვნას გუნდთან ერთად განვიხილავ და მარტო არ ვწყვეტ. სალომეს საკითხი გუნდთან განვიხილე და მას გუნდის რეაქციებიც აბსოლუტურად გულწრფელად მოვახსენე და ვუთხარი, რომ მისდამი გუნდს პრობლემა ჰქონდა და მათი მხრიდან კარგი რეაქცია არ მივიღე, როცა ზოგადად განვიხილავდით მის საკითხს, არც კონკრეტული თხოვნა იყო და არც კონკრეტული შეთავაზება. ამის შემდეგ თავად სალომეს გაუჩნდა იდეა, რომ ის მერის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა, რაზეც ვუთხარი, რომ ეს საინტერესო იყო და ჩემი მხრიდანაც დადებითი რეაქცია მიიღო. თავის დროზე ამ თემას გუნდთან განვიხილავდი, მიუხედავად იმისა, რომ მერის არჩევნები ძალიან შორს იყო. ამის შემდეგ, როცა შევხვდით და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ახლოვდებოდა მან მომახსენა, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად იყრიდა კენჭს და კოალიციიდან მხრიდან მხარდაჭერა თუ ექნებოდა. ვუთხარი, რომ მე მყავდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ გუნდში ეს არ განმიხილავს და თუ ჩემი კანდიდატურა არ გავიდოდა მის კანდიდატურას დავაყენებდი. ამის შემდეგ შევხვდი სალომეს და ვუთხარი, რომ საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას და თქვენი კანდიდატურა არ განგვიხილავს", _განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილისგან მიიღო პასუხი, რომ ის მერის თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრიდა და საპრეზიდენტო კანდიდატი გახდებოდა.
ივანიშვილის განმარტებით, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა აღარ ჰქონია.