პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ მანანა კობახიძემ დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
,,ეს არის სკანდალური განცხადება და მე არ მინდა მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო რაიმე პრობლემა შეექმნას ჩვენს ქვეყანას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან აშშ-თან. ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება იყო ის რაც მან თქვა, რომ თურმე 26 მაისის აქციის დარბევის, დაშლის ორგანიზება განხორცილდა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლების თვალწინ. თურმე ისინი ისხდნენ შსს 26 მაისს და ისინი გეგმავდნენ დარბევას. არ მიკვირს როდესაც ამბობს, რომ წამების ფაქტები დადგმული იყო, თურმე ამას შევარდნაძისგან შემოპარული ხალხი აკეთებდა, ის არ იცნობდა დათა ახალაიას. ის ათას ტყუილს აცხადებს, ესეც ტყუილია, მაგრამ იქნება პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს პრეზიდენტს რატომ აკეთებს ასეთ სკანდალურ განცხადებას. ვანო მერაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით ბრალი წაყენებული აქვს და ვფიქრობ, პრეზიდენტის ბოლო განცხადება არის სერიოზული საფუძველი, რომ ამ თემაზე დამატებით დაიკითხოს მერაბიშვილი და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი", _განაცხადა კობახიძემ.