ხვალ, 1-ელ მარტს, აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემი "ჯონ ჰოლი" ბათუმის პორტში შევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, "გლობალური საზღვაო პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში აშშ-ის მეექვსე ფლოტი აგრძელებს თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების გამტკიცებისათვის.
შავ ზღვაში აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემების რეგულარული ვიზიტები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების სურვილს, ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობას. "ჯონ ჰოლი" და მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობასთან ერთობლივ წვრთნას გამართავს. წვრთნის მიზანია ძებნისა და გადარჩენის, გემის გაჩხრეკისა და აბორდაჟის, აგრეთვე დაზიანების კონტროლის მეთოდების დახვეწა.
"ჯონ ჰოლი" "ოლივერ ჰაზარდ პერის" კლასის ფრეგატია. მას ეს სახელი ადმირალ ჯონ ლესლი ჰოლი-უმცროსის საპატივსაცემოდ ეწოდა. ადმირალი ჰოლი აშშ-ის საზღვაო ფლოტის აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი იყო. ის იყო გამორჩეული სამხედრო მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს. გემი ზღვაში 1982 წლის 26 ივნისს ჩაუშვეს. მან სწრაფად მოიპოვა უძლეველი ხომალდის რეპუტაცია. ფრეგატი "ჯონ ჰოლი" ბაზირებულია მეიპორტში.
"ჯონ ჰოლის" ვიზიტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის, აგრეთვე ევროპაში განთავსებული ამერიკული საზღვაო ფლოტისა და აშშ-ის მეექვსე ფლოტის იმ საერთო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონულ სტაბილურობასა და საზღვაო პარტნიორობის გამტკიცებას გულისხმობს. "ჯონ ჰოლს" ბათუმის პორტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები შეხვდებიან. გემის ეკიპაჟი მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივ ღონისძიებებში. ფრეგატი "ჯონ ჰოლი" ბათუმიდან 3 მარტს გაემგზავრება. 25 თებერვალს ამერიკული გემი ფოთის პორტშიც იმყოფებოდა.