,,არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებას დაექვემდებარება უწყებათაშორისი კომისია', -განაცხადა ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავარია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიამ თავისი მოვალეობა შეასრულოს.
,, ვინაიდან უწყებათაშორისი კომისიის ინსტიტუციური მოწყობას განსაზღვრავს კანონმდებელი, ეს საკითხი არის პარლამენტის გადასაწყვეტი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს უწყებათაშორისო კომისია იუსტიციის სამინისტროსთან იქნება, თუ უშიშროების საბჭოსთან. მთავარია ამ ფორმატმა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს და რომლის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ საბოლოო რეკომენდაციაში აღნიშნა; ეს არის პირველ რიგში ძალადობრივი გარემო, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფების მიმართ და ამ საქმეების არასათანადო გამოძიება, ასევე ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, რაც ხელს უშლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას", _განაცხადა კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
"უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებდა უშიშროების საბჭოსთან და უშიშროების საბჭოს ნორმალურ ქვეყანაში არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო კამპანიასთან. უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არა არჩევნებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ უწყებათაშორის კომისიას იმიტომ, რომ ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. უბრალოდ. მას ამიერიდან უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.