,,კოალიციაში მიაჩნიათ, რომ არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით არასწორია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,მე ვისთანაც მომიწია აზრთა გაცვლა-გამოცვლა კოალიციის შიგნით ამ საკითხზე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობა და მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება ამ საქმეზე ალბათ მიზანშეწონილი არ არის", _ განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია.
,,არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა. ანუ, იმ ინსტიტუტმა, იმ თანამდებობის პირმა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის უზენაესი და ვინც წყვეტს და ვის მოსაზრებასაც აქვს ყველაზე სერიოზული დატვირთვა, რაიმე კანონიერია, თუ უკანონო", _განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განმარტებით, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება ბედუკაძესთან მიმართებაში ძალაში მას შემდეგ შევიდა რაც ეს საქმე მოსამართლემ განიხილა.