.,,საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე პროკურატურას გადაეცეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლიი ჩვილის ოჯახის მოთხოვნის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საქმის გამოძიება შს მიმდინარეობს, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს გამოძიება შეგნებულად, თუ შეუგნებლად ჩიხში იქნა შეყვანილი.
,,სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს გამოძიება შეგნებულად, თუ შეუგნებლად არ ვიცი ამაზე დასკვნების გაკეთება მოგვიანებით შეგვეძლება, მაგრამ გამოძიება თავიდანვე ჩიხში იქნა შეყვანილი. დროულად არ იქნა გამოძიებული ეს საქმე ცხელ კვალზე. პრაქტიკულად, გამოძიება ჩიხში შეიყვანეს. ძალიან რთული გახდა ამ ფაქტის დროულად გამოძიება, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით ჩვენ ამას გამოვიძიებთ და არავითარი საჭიროება იმისა, რომ ეს საქმე პროკურატურას გადაეცეს ვერ ვხედავ", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში დაღუპული ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოძიებას მთავარი პროკურატურისგან ითხოვს. როგორც დაღუპული ჩვილის დედამ, თათია მექერიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში განაცხადა იგი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა.
,, ცხრა თვეა გამომძიებლები მუშაობენ და არანაირი ხელჩასაკიდი არაფერი არ არის. მინდა, რომ არჩილ კბილაშვილმა გამოიძიოს, რომ მალე დასრულდეს და ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც ნათელი გახდეს ყველაფერი, გამოვამჟღავნოთ მკვლელი ვინ არის", _განაცხადა თათია მექერიშვილმა.
ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.