დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით შეიქმნება, სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს, - აცხადებს კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი
მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღეს არა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სპექტრთან ფართო ფორმატში შეხვედრისას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დროს.
„საერთოდ გაუგებარია რა პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში იმ პარტიამ, რომელმაც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, 2004 წლიდან მრავალჯერ შეიტანა დემოკრატიული ღირებულების საწინააღმდეგო ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში და დაამსგავსა ის პარტიულ წესდებას.საინტერესოა საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ხელისუფლებასთან ერთად რატომ უნდა იყოს ძირითადი მონაწილე ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობა" და არა ნამდვილი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ნაციონალებივით" ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ კი არ მოქმედებენ და ობსტრუქციასა ან საბოტაჟს კი არ უწყობენ ახალ ხელისუფლებას, არამედ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ფიქრობენ. ვფიქრობ კარგად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის და პოლიტიკური ჰარმონიული ურთიერთობის პარალელურად, რატომ ახდენს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიების იგნორს", - აცხადებს ლილუაშვილი.