,,საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ,,ნაციონალების" არდასწრება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ბოიკოტის გაგრძელებაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთა-სახალხო განხილვის პროცესში საპარლამენტო უმცირესობის არდასწრების შეფასებისას.
,,წინა ცვლილებების განხილვის დროს რამდენიმე შემთხვევაში მწვავე დებატები იყო მოსახლეობასა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს შორის მწვავე დებატები იყო. ჩვენ NDI-სთან ერთად ყველა ზომა მივიღეთ წესრიგის უზრუნველსაყოფად. მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა განხილვის პროცესში მონაწილეობაზე. ალბათ ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის მუშაობის ბოლო ეტაპზე გამოაცხადა, ანუ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმი. ალბათ, ასეა. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს საკითხი მომავალ კვირაში გაირკვევა, რადგან ოთხშაბათს, ალბათ, რიგგარეშე სესიას დავიწყებთ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ პროცესში მონაწილეობდეს და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს. ამ ცვლილებების ოფიციალურ ინიცირებამდე მე მქონდა კონსულტაციები "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო წარმომადგენლობასთან, თუმცა მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვით, მისაღებია თუ არა ეს მათთვის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ,,რადისონში" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტისა და საკონსტიტუციო კვორუმის შესახებ მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.
საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესს საპარლამენტო უმცირესობა არ ესწრება.