,,არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ტრაგიკომიკური სურათი შეიქმნა", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, უცხოელი მეგობრებისთვის რთული ასახსნელი აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის არასერიოზული ქმედება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მესამედ შეცვლის თაობაზე.
,,ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გვეკითხებოდნენ არჩევნების თარიღი ეს არის 27, თუ 31 ოქტომბერი და უკვე მესამედ დაუსახელეთ შეცვლილი თარიღი, მათთვის რთული ასახსნელი აღმოჩნდა რას ნიშნავს როდესაც ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულიად არასერიოზულად იქცევა", _განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე მესამედ შეცვალა და ის 27 ოქტომბერს გაიმართება.