საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია ის, რომ რეზოლუციაში ტერმინი „პოლიტპატიმარი" საქართველოსთან მიმართებაში გაჩნდა. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია.
„ის რომ, უახლეს ისტორიაში, პირველად, ძალიან ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტი - ევროპის მთავარი საპარლამენტო ორგანო საქართველოსთან მიმართებაში იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმრები", არ შეიძლება ყველა ჩვენგანისთვის არ იყოს დაფიქრების საფუძველი. ყველანი ვიყავით იმის მომსწრე, თუ როგორ იზრდებოდა საქართველოს ავტორიტეტი წინა წლების განმავლობაში; როგორ დამკვიდრდა საქართველო ევროპისა და მსოფლიოს რუკებზე; როგორ გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა. რომელ პოლიტიკურ ფლანგსაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, ამ ტერმინის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში, შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს და გვაფიქრებდეს. ეს არის საქართველოს რეპუტაციისა და პრესტიჟის შელახვა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.