მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მოუწევს, - ამის შესახებ ექპსრტმა კახა კახიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მოუწევს. საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლში დაწერილი მოთხოვნის შესრულება მნიშვნელოვანია როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისით, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა შესძლონ. ძალიან უცნაურია იმ ადამიანების განმარტებები, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარია არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და მნიშვნელობა არა აქვს ის ორი-სამი დღით ადრე გაიმართება, თუ - გვიან. "საარჩევნო კოდექსი" ორგანული კანონია და ის პირდაპირ ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეებში არ უნდა გაიმართოს, ანუ ის უნდა ჩატარდეს ოფიციალურად უქმე დღეებში - შაბათს ან კვირას. ამ შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ თავის დროზე, კანონში ეს ნორმა კონსტიტუციის ჩანაწერის გამო ჩაიდო. "საარჩევნო კოდექსის" მე-6 მუხლი მოქმედებს, ის ძალაშია და საჭიროა მისი გათვალისწინება",- აცხადებს კახიშვილი და დასძენს რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდანაც დაისვა საკითხი რომ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა საჭიროა შაბათ ან კვირა დღეს.