საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი ქვეყნისათვის ბევრად უკეთესი ინებოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო განუზომლად უფრო ადრე 2009 - 2010 წელს. არაერთგზის მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის საქართველოსათვის - ჩვენი სამშობლოსათვის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანი. რაც შეეხება ეხლა უკვე არსებულ რეალობას, რომ პრეზიდენტმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, ჩემთვის ეს აბსოლიტურად არ ყოფილა მოულოდნელი, ვიცი რა, თუ როგორ ებღაუჭება პირადად სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას. ბუნებრივია დარწმუნებულნი ვიყავით იმაში, რომ სააკაშვილი გამოიყენებდა ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო საათებიც გაეხანგრძლივებინა. „დემოკრატიული მოძრაობა" უკვე კარგა ხანია ემზადება ამ არჩევნებისათვის. ჩვენი პარტიის ყველა სტრუქტურა, ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრი გვყავს და დღითიდღე სულ უფრო მეტი ხდება, მზად ვართ ყველანი საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ!", - განაცხადა ბურჯანაძემ.