ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ არც ერთი ადამიანი პრივილეგირებული არ იქნება ჩვენი მთავრობის დროს. ასე გამოეხმაურა საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის თანამშრომლების დაკავებას.
"მინდა მივმართო საზოგადოებას და იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აღნიშნულ დაკავებას აკრიტიკებენ, ერთი მხრივ, სასაცილოა და მეორე მხრივ, აღამშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი გადმოსახედიდან, ვიცე მერობის თუ პრეზიდენტის თანამდებობა არის ერთგვარი იმუნიტეტი. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ არც ერთი ადამიანი პრივილეგირებული არ იქნება ჩვენი მთავრობის დროს", - აგანაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გამოიკვეთა მძიმე დანაშაული, რომელიც ეხება დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას.
"საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს. საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას, გაფლანგვას. საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე, მოპარვაზე სახელმწიფო ბიუჯეტისგან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნაა, რომ ეს გამოწვეულია შიშისგან და მათი მცდელობა, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისგან. ალბათ, მხოლოდ ამით აიხსნება ის პანიკა, ის ისტერიკა, რაც გვესმის ბოლო ორი დღის განმავლობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაკავების პროცესი არ იყო პოლიტიკურად მართული, სამართალდამცავი ორგანოების სისტემა აბსოლუტურად გათავისუფლებულია ყოველგვარი პოლიტიკისგან.