,,საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების დაკავება გულის ამრევია", _განაცხადა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოსა და მერიის წევრების დაკავების კომენტირებისას.
,,დღეს დილით თბილის საკრებულოს და მერიის რამდენიმე წევრი ქუჩაში დააკავეს და ხელბორკილებით ატარებდნენ, ალბათ ათვალიერებდნენ საკუთარ ქალაქს იძულების წესით", _განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენელთა დაკავება "სამარცხვინო ლაქად" დარჩება არა მხოლოდ მთავრობას, რომელმაც ეს გააკეთა, არამედ ყველას, ვინც ამ დროს ცხოვრობდა და ამ ყველაფერს უყურებდა.
"მაგალითად, დავით ნინიძე, არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც არის უფრო წესიერი ვიდრე დავით ნინიძე. ის არის ახალი საქართველოს აღმშენებელი. დავით ნინიძის დაპროექტებულია ახალი ბათუმი, ახალი სიღნაღი, ახალი მესტია, ახალი თელავი, ყვარელი და თბილისი მთლიანად. გუშინ გარკვეულმა სუბიექტმა ისაუბრა, რომ ეს ყველაფერი საზიზღრობა ყოფილა, მაგრამ დავით ნინიძეს იჭერენ, როგორც მგელს რომელიღაც მოსახვევში და მიათრევდე სადღაც, სამარცხვინო ლაქად დარჩება არა მხოლოდ იმ მთავრობას, რომელიც ამას აკეთებს, არამედ ჩვენ ყველას, ვინც ამ დროს ვიყავით და ამას ვუყურებდით. გულის ამრევია ეს ყველაფერი!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაკავებასაც გამოეხმაურა.
"როცა ვლაპარაკობთ თავისუფალ არჩევნებზე, ჩემი მეგობარი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი, უკვე 37 დღეა ძალიან საკამათო ბრალდებით პატიმრობაშია. ის არასად არ გარბოდა, მაგრამ ახლა პატიმრობაშია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.