,,ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც პრემიერმა თქვა, ვიდრე დავუშვათ, ერთი საგაზეთო სტატია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.
"პრემიერ-მინისტრს ძალიან ნათლად და არაერთხელ აქვს გაწერილი და წარმოდგენილი ის გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს, მათ შორის, პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივობაც, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რაც პრემიერმა თქვა, ვიდრე დავუშვათ, ერთი საგაზეთო სტატია", - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ესტონური გამოცემა "Postimees"-თან ინტერვიუში განაცხადა. თუმცა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განმარტა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან მიდის და წინასაარჩევნო დაპირებებზე პასუხისმგებლობას იხსნის.
"მე მსგავსი განცხადებები ბევრჯერ გამიკეთებია. თუ გახსოვთ ჩემს პირველ წერილში, პირველ განცხადებაში ვამბობდი, რომ პოლიტიკაში ორიდან სამ წლამდე დავრჩებოდი. იქვე იმასაც განვმარტავდი, რომ არ ვაპირებდი ქვეყნიდან წასვლას. მინდა საზოგადოება დავაწყნარო და ვუთხრა, რომ პოლიტიკიდან ჩემი წასვლა არ ნიშნავს ქვეყნიდან ჩემს წასვლას და იმას, რომ გავურბივარ სირთულეებს, პასუხისმგებლობას და ჩემს დაპირებებს. პოლიტიკადან ჩემი წასვლა, იმ შემთხვევაში მოხდება, როცა აღარ იქნება საჭიროება მთავრობაში ჩემი ყოფნის და საჭირო იქნება უფრო რთულ პროცესებში ჩართვა, რასაც საზოგადოების განვითარება ჰქვია. მთავრობა, მისი შტოები, პარლამენტი, სასამართლო - ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილია. საზოგადოების ნაწილი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მარტო მთავრობის - საზოგადოების ამ ერთი ნაწილის განვითარებით ვერ შევძლებთ მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება საზოგადოების განვითარებას მოვახმარო. ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად, რომ ჩემი წასვლით არაფერი დაზიანდება და მხოლოდ პლუსი იქნება იმაში, რომ პოლიტიკიდან გავალ, მაგრამ თუ დარჩება კითხვები და იქნება საშიშროება, რომ მთავრობას ან ქვეყნის განვითარებას პოლიტიკიდან ჩემი წასვლით რაიმე დაემუქრება, რა თქმა უნდა არსად წავალ. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება. უფრო საჭირო იქნება საზოგადოების განვითარება და გააქტიურება და ჩემი გადასვლა საზოგადოებრივ სექტორში. აქ ვიქნები მე თავდაუზოგავი! მთავრობიდან ჩემი წასვლა ნიშნავს უფრო მარტივი ადგილიდან რთულ ადგილზე გადანაცვლებას", _ აღნიშნა ივანიშვილმა.