ეს კადრები დაშტრიხული და დაშიფრული პირველ რიგში უნდა ნახონ საპარლამენტო უმცირესობამ, საქართველოს პრეზიდენტმა და პატიმარმა, ყოფილმა შს მინისტრმა. ეს განცხადება დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამეგრელოში აღმოჩენილი უკანონო ვიდეოკადრების კომენტირებისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, სამალავში აღმოჩენილი კადრები, რომელიც დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად, უნდა ნახოს რა თქმა უნდა ყველა დაინტერესებულმა პირმა ერთადერთი პირობით, რომ იქ მსხვერპლის ვინაობის შეცნობა იყოს შეუძლებელი.
„ეს კადრები ამგვარად დაშტრიხული და დაშიფრული პირველ რიგში უნდა ნახოს საპარლამენტო უმცირესობამ, ეს კადრები დაშტრიხული და დაშიფრული პირველ რიგში უნდა ნახოს საქართველოს პრეზიდენტმა და ეს კადრები აგრეთვე ამგვარად დაშტრიხული და დამუშავებული უნდა ნახოს პირველ თუ არა მეორე რიგში აწ უკვე პატიმრობაში მყოფმა, პატიმარმა, ყოფილმა შს მინისტრმა.
რათა მათ ერთხელ და სამუდამოდ გაითავისონ თუ რამხელა სისტემური დანაშაულის პირობებში აცხოვრებდდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში", _ განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ ხელმძღვანელობა ამ კრიმინალურ სისტემას.
„ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ ხელმძღვანელობა იმ კრიმინალურ სისტემას, რომელიც მეფობდა საქართველოში და რომლის პირობებში შესაძლებელი იყო შემდეგი: ამგვარად ეწამებინათ ადამიანები და „გარე-გარე ეძახათ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიის შუქურა", _ აცხადებს წულუკიანი.