კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ემზარ შუბლაძის ბრალდებებს პასუხობს და მას უსაფუძვლოს უწოდებს.
,,სამტრედიის ნაციონალური მოძრაობის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ემზარ შუბლაძე საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას აცხადებს, თითქოს მე ვახორციელებდი ზეწოლას საკრებულოს წევრებზე. მე არა, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობის,, დესანტი ნამდვილად გადმოსხეს სამტრედიაში და ამ დესანტში შედიოდნენ: ვაშაძე, საყვარელიძე, თედორაძე, მაჭავარიანი, ბობოხიძე. ესენი შეხვდნენ ადგილობრივი საკრებულოს წევრებს და მათზე ჰქონდათ ალბათ ზემოქმედების მცდელობა.
ემზარ შუბლაძე არის სამტრედიაში, ნაციონალური მოძრაობის მებაირახტრე. ის 10 წლის მანძილზე გახლდათ გამგებლის მოადგილე, რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მან ბოლოს კენჭიც იყარა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურაზე, მაგრამ კაცი, რომელსაც ამდენი მაღალი თანამდებობა ეკავა 10 წლის მანძილზე, სამარცხვინოდ დამარცხდა. მან საპარლამენტო არჩევნებში სულ რაღაც 17 პროცენტი აიღო.
სამტრედიაში ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრები ნელ-ნელა ხვდებიან თუ რა ბნელი ძალა იყენებდა მათ. კახა კალაძის არჩევნების დროს 12 ადამიანი (მათ შორის შტაბის უფროსიც ) დაგვიპატიმრეს, მანქანა აგვიფეთქეს, მუდმივად გვდევნიდნენ, გვაშანტაჟებდნენ, მაგრამ ემზარ შუბლაძეს არასოდეს არ გამოუთქვამს პროტესტი, რომ მის თანაქალაქელებს ასე მასობრივად აპატიმრებდა პოლიციის მაშინდელი კანიბალი უფროსი. სამტრედიელებს არ სურთ, რომ მათ მართავდეს სამარცხვინო, 17 %-ის მქონე, ყველა თანამდებობაზე ნამუშევარი. ემზარ შუბლაძე. სამტრედიაში არავის უნდა ასოცირდებოდეს ცოცხთან და თუ ბატონ შუბლაძეს უნდა-არაა პრობლემა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა...", -აცხადებს ჩრდილელი.