„მე ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რომელიც დავუსვი შს მინისტრს", _ განაცხადა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ შს სამინისტროში დახურული შეხვედრის დატოვების შემდეგ, რომელზეც მინისტრს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ნაპოვნი კადრები უნდა გაეცნო.
„მან თქვა, რომ კადრებში მნიშვნელოვანი პიროვნების მაიდინტიფიცირებელი ინფორმაცია არის დაფარული და მე დავინტერესდი და ვთხოვე მას ცოტა უფრო წვრილად განემარტა ეს, კერძოდ, რა იყო დაფარული.
ყველა მაინდენტიფიცირებელი დეტალი ჯობია, რომ დაფარული იყოს -ამით დავინტერესდი ზუსტად, ხომ არ ჩანს თმების ფორმა, სხეულის ფორმა, მოხაზულობა, ხომ არ ლაპარაკობს მსხვერპლი, როდესაც მას აწამებენ. და თუ ლაპარაკობს, ხომ არ ახსენებს ვთქვათ ლაპარაკისას თავის თავს, მისი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, გვარსახელებს. ამის პასუხი მე ვერ მივიღე მინისტრისგან და პასუხად მივიღე ის, რომ კარგი იქნებოდა 9 წლის მანძილზე დავინტერესებულიყავი ადამიანის უფლებათა მდგომარეობით. ამას მოყვა მქუხარე ტაში, ცალკეული სოლო პარტიები დარბაზში მჯდომი ადამიანებისაგან და ჩემი პასუხი, რომ მინისტრმა არ იცის მე რას ვაკეთებდი 9 წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა განხრით ჟურნალისტიკაში", - განაცხადა დავით პაიჭაძემ.