„როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ ქართული ღვინო უახლოეს დღეებში რუსეთის მაღაზიების დახლებზე გაჩნდება. მისი თქმით, ახლა იგი სადღაც საბაჟოს მისადგომებთან იმყოფება.
„ამ პროდუქციის აჩრდილი სადღაც საბაჟოს მისადგომებთან დაეხეტება, მაგრამ ჩვენთან ჯერ ჯერობით ის არ არის", _ განაცხადა გენადი ონიშჩენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ივლისში საქართველოში „როსპოტრებნადზორის" ინსპექცია გაემგზავრება.
„მესამე ინსპექციის ჩასატარებლად ჩვენ განაცხადი 34 ქართული ქარხნიდან მოგვივიდა, მათ შორის 6 - განმეორებით ინსპექციას ითხოვს. თუმცა დოკუმენტები ახლა იწყებს შემოსვლას. აქ უნდა ვნახოთ ჯერ ყველა დოკუმენტი ვიდრე გავემგზავრებით. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მალე მოვა აქ დოკუმენტაცია. ყველაფერი ეს ალბათ ივლისამდე მივა", _ აცხადებს ონიშჩენკო.
მისივე თქმით, 14 აპრილიდან „როსპოტრებნადზორში" ქართული ღვინის, ჭაჭისა და მინერალური წყლის 24 მწარმოებლიდან ექსოერტიზის ჩატარების 333 განაცხადი შევიდა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ 18 მწარმოებლისათვის 235 დასკვნა გაფორმდა და გაიცა 197 მოწმობა სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ.