,,საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს ქვეყნის შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის", _განაცხადა ბრიუსელში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის ვაჭრობის კომისართან კარელ დე გუხტთან შეხვედრის შემდეგ.
კარელ დე გუხტმა მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს იმ კონსტრუქციული როლისათვის, რასაც პარლამენტი ასრულებს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ევროკავშირი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას. მან ასევე ისაუბრა ვილნიუსის სამიტისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საქართველოს მომავალი განვითარებისათვის.
ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს ეკისრება მნიშვნელოვანი მისია სამომავლო დოკუმენტების გაფორმების დაჩქარებაში. მან ასევე ისაუბრა ახალი შრომის კოდექსის შესახებ, რომელიც დადებითად შეაფასა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციამ. მისი ღრმა რწმენით, საქართველოს ახალი ხელისუფლება წარმატებული იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპის კომისარს მიღებისთვის. მისი თქმით, ეს არის მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.
,,ახალი ხელისუფლების სურვილია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ქვეყნის ევროპისაკენ სწრაფვა. დღევანდელი პარლამენტი უფრო ევროპულია ვიდრე ოდესმე. მასში წარმოდგენილია ფართო პოლიტიკური სპექტრი. ვილნიუსის სამიტს ჩვენ ყველა დიდი იმედებით ველით. ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად წარიმართა. საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას გვერდში უდგას და ამავდროულად ასრულებს მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა კოჰაბიტაციის რთულ პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს ქვეყნის შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის.
,,პარლამენტი მზად არის შეასრულოს თავისი როლი საკანონმდებლო დონეზე, მოახდინოს საჭირო დოკუმენტების დროული რატიფიკაცია"_განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარს რჩევებისა და რეკომენდაციების თხოვნით მიმართა.
,,ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ნამდვილი პარლამენტი საქართველოში, სადაც წარიმართება ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები"_განაცხადა უსუფაშვილმა
პარლამნეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ახლად მიღებულ შრომის კოდექსზე და ბატონ გუხტს მიაწოდა ინფორმაცია მთელი სამუშაო პროცესის შესახებ.
საუბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და მადლობა გადაუხადა ევროპის ვაჭრობის კომისარს მისი პირადი წვლილისათვის ამ პროცესში.