ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური ბიზნესმენის მიერ საქართველოს შესაძლო დატოვებას დეზინფორმაციას უწოდებს. ამავდროულად ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული პასპორტის ასლი ნამდვილად ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის.
"დღეს ქართული მედიის ზოგიერთ გამოცემაში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდება დეზინფორმაცია დაპატიმრების შიშით ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო გაქცევის თაობაზე და არგუმენტად ინგლისის მთავრობის მიერ პოლიტიკური დევნილობისას 2011 წელს მისთვის გადაცემული პასპორტი სახელდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურში.
პრესსამსახურის განცხადებით, ჩხარტიშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
"ბატონმა ვანომ მაშინ დატოვა ქვეყანა, როცა საქმე უსამართლო რეჟიმთან ჰქონდა. ახალი ხელისუფლების პირობებში, იგი არსად წასვლას არ აპირებს, არის საქართველოში და ჩვეულებრივად ცხოვრობს და საქმიანობს", - აცხადებენ ჩხარტიშვილის პრესსამსახურში.
პრესსამსახურის ინფორმაცით, კითხვებს, რომელიც ჩხარტიშვილის მიმართ არსებობს, სათანადო და ადეკვატური პასუხი გაეცემა.
"რაც შეხება კითხვებს, ყველა მათგანს სათანადო და ადექვატური პასუხი გაეცემა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ჩხარტიშვილის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთმა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვანო ჩხარტიშვილი შესაძლოა დააკავონ. ინფორმაციას, რომ ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობას, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილიც ადასტურებს.