ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხანიდრავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის არსებულ ქონებრივ დავაში არა მხარები, არამედ შუამავლები იყვნენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გოგა ხაინდრავამ განუცხადა.
"ერთი შესწორება მინდა შევიტანო ყოველივე ამაში. ჩვენ მხარეებს არ წარმოვადგენდით, მხარეები არის პატარკაციშვილის ოჯახი და ჩხარტიშვილი. ჩვენ უბრალოდ მოგვმართეს, რომ შუამავლების როლი გვეთამაშა. მე არ წარმოვადგენ ჩახრტიშვილის მხარეს არავითარ შემთხვევაში და არც ლევან გაჩეჩილაძე წარმოადგენს პატარკაციშვილის მხარეს. მხარეები არიან თვითონ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, მათ ცალ-ცალკე მიმართეს ჩხარტიშვილმა და პატარკაციშვილის ოჯახმა, რათა შუამავლის ფუნქცია ეკისრათ.
"ჩვენ მოგვმართეს, მე ვანო ჩხარტიშვილმა და ლევანს პატარკაციშვილის ოჯახმა, რომ ჩვენ შუამავლების ფუნქცია გვეკისრა და ჩვენ ვიკისრეთ ეს შუამავლების ფუნქცია.
სამწუხაროდ, ეს პროცესი ისე არ დასრულდა როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ რაღაც შერიგება და საერთო, ასე ვთქვათ აზრი ჩამოყალიბებულიყო", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისვე თქმით, პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა მაგრამ უშედეგოდ დასრულდა.
"პრიცესში მონაწილეობა მივიღეთ, ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მაგრამ საერთო ენა არ გამოინახა", - განაცხადა გოგა ხაინდრავა.
ხაინდრავას განმარტებით ამჟამად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს.
"გამოძიებასთან დაკავშირებით თქვენგან გავიგე მართალი გითხრათ. მე ერთი კვირა წასული ვიყავი ბალტიისპირეთში და ამის შესახებ არაფერი ვიცი. თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია.
ეტყობა საერთო ენა არ იყო გამონახული, ალბათ ამან გამოიწვია. მორატორიული იყო გამოცხადებული ამ პერიოდში, ეს იყო ერთ ერთი ჩვენი პირობა, რომ ჩვენი შუამავლობა განხორციელებულიყო და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა და რადგან თქვენ ასე მეუბნებით, რომ საქმე აღიძრა, ეტყობა ეს მორატორიუმი ძალადაკარგულად შეიძლება ჩავთვალოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხაინდრავამ.
ხაინდრავა მიუხედავად იმისა რომ განვლილ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოყოლია, კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს მხარეთა სურვილის შემთხვევაში პოზიტიური როლი შეასრულოს საქმის მიმდინარეობაში.
"როგორ გითხრათ ახლა? უკვე ნაკისრი მქონდა და ეტყობა შედეგი არ გამოიღო. რა თქმა უნდა თუ ამის სურვილი ექნებათ მხარეებს, რომ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება იქნეს გამოტანილი და მე ამაში შემეძლება რაიმე როლი ვითამაში, დიდი სიმოვნებით. ბადრი ჩემი მეგობარი იყო და ბუნებრივია ჩემი ვალია, რომ მისი ოჯახს შესაძლო უსიმოვნებები თავიდან ავაცილებინო", - განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთმა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვანო ჩხარტიშვილი შესაძლოა დააკავონ. ინფორმაციას, რომ ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობას, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილიც ადასტურებს.