ეს არის, მაპატიეთ და პირდაპირ გეტყვით - უცოდინრობისა და არაპროფესიონალიზმის ბრალი, - ასე აფასებს საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების „შედეგებს" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენითვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველოში ერთი მოქალაქე არ არის რომელსაც "თხა და გიგოს" შემდეგ წიგნი ჰქონდეს წაკითხული, რომელმაც არ იცოდა, რითი დამთავრდება ჩვენი ხელისუფლების მცდელობა რუსეთთან ე.წ. პრაგმატული დიალოგის წარმოებაზე
„ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ხელისუფლებამ დაისახა ორი მიზანი. პირველი - არავითარ შემთხვევაში, არაფერში არ დაემსგავსო იმ კურსს, რომელიც შეიძლება ასოცირდეს წინა ხელისუფლებასთან და მეორე - ისტორია იწყება კოალიცია "ქართული ოცნების" კაბინეტებში შესვლით. აი, ესენი შევიდნენ კაბინეტებში და დაიწყო ისტორია თავიდან, ახალი ფურცლიდან. სხვათა შორის, ეს "ახალი ფურცელი" ბევრჯერ იყო გაჟღერებული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
ყოველგვარი მოფიქრების, მოკავშირეებთან კონსულტაციების, ერთმანეთთან თათბირის, სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების დასახვის გარეშე ხალხი გადახტა უზარმაზარი კლდიდან წყალში და გაოცებული აღმოჩნდა, რომ ახლა იხრჩობა. გაოცებული აღმოჩნდნენ რუსეთის რეაქციით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გეგონება რაიმე სხვა მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდათ", - აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ როდესაც არბილებ რიტორიკას, სპეცწარმომადგენლების დელეგირებას აკეთებ ისე, რომ არც ერთ შენს მოკავშირესთან კონსულტაციას არ გაივლი და საქართველოს დაადანაშაულებს ტერორისტების მომზადებაში, ეს იწვევს ეჭვს ჩვენს მოკავშირეებში.
„ამან გამოიწვია ყველაფერი ის, რომ ჩვენი მოკავშირეების დედაქალაქებში გაჩნდა სრულიად საფუძვლიანი ეჭვი - ან ამ ნაბიჯების გამო შენ იცი იმისთანა რაღაც რაც ჩვენ არ ვიცით, ან შენ იცი იმისთანა რაღაც, რისი თქმაც ჩვენთვის არ გინდა. ორივე შემთხვევაში ჩვენმა მოკავშირეებმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს უკან და ჩვენ მათ პრიორიტეტების სიაში დამერწმუნეთ, საკმაოდ ქვემოთ ჩამოვიწიეთ", - აცხადებს ვაშაძე.