ძალიან რთული იქნება რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პოლონურ Warsaw Business Journal-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და ძალიან რთული იქნება რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, რადგან "თუ ერთხელ მოვიდნენ, ძნელი იქნება ვაიძულოთ, ტერიტორია დატოვონ".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების საკითხში.
"ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ხალხის კეთილდღეობაა. ჩვენს ევროკავშირელ კოლეგებს ვეუბნებით, რომ თუ ევროპაში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაცია დაგვიანებით მოხდება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ ცვლილებების შესრულებას, რასაც ევროკავშირი მოითხოვს ჩვენგან, ისევ და ისევ, ჩვენი და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანია.
მასალის გამოყენების პირობები