,,ეს არის პუტინის მორიგი ცინიკური, თავხედური განცხადება', -განაცხადა ჟურნალისტებთან საკანონმდებლო ორგანოში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა RT-ს ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
,,ვლადიმერ პუტინის, ეს განცხადება პირველი არ არის, ასეთი ცინიკური განცხადება ბევრი აქვს გაკეთებული. ვლადიმერ პუტინი როცა საქართველოზე საუბრობს, გულისხმობს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარე, ეს არის ტერიტორიები რომელიც მისი გადაწყვეტილებითა და ბრძანებით არის ოკუპირებული. მან გასცა ბრძანება ასობით ჩვენი თანამოქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროები მოკვლაზე და შესაბამისად ეს თამაშები რომ მას ქართველები ძალიან უყვარს ეს არის მორიგი ცინიკური, თავხედური განცხადება", _განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეცდომაზე საუბრობს.
"არაერთხელ აღმინიშნავს თუ რაში მდგომარეობს რუსეთის პოზიცია. მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. ბევრჯერ ვისაუბრეთ ამის შესახებ, ვფიქრობ ის ამას ვერ უარყოფს. მე მას ვეუბნებოდი - მიხეილ ნიკოლოზის-ძევ ყველაფერი, რაც გნებავთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ სისხლისღვრამდე. ის მე სულ მეუბნებოდა - დიახ, დიახ, ჩვენ ვიმუშავებთ, მოვითმენთ, ვიმუშავებთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთანაც, მაგრამ ყველაფერი დასრულდა ომით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია ღთ-ს ეთერში სოფო შევარდნაძის კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, რუსეთი არსებულ ვითარებაში არაფერ შუაშია, რადგან აუცილებელი იყო მოთმინება და ურთიერთობის მოგვარება აფხაზებთან და ოსებთან ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში.
"ბევრი თქვენი კოლეგა უცხოეთში - ევროპაში, შტატებში, საქართველოში ხშირად ბრალს სდებს რუსეთს, მაგრამ მიმაჩნია რომ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს ესმის, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. ეთნიკური კონფლიქტები ათეული კი არა ასწლეულებია არის. შეუძლებელია არ იცოდნენ 19-21 წლის ამბები, შეუძლებელია არ იცოდნენ ურთიერთობები ხალხთა შორის. აუცილებელი იყო მოთმინება და სახელმწიფოებრივი სიბრძნე, რომ ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში მოგვარებულიყო ურთიერთობა აფხაზეთთანაც და ოსეთთანაც. სამწუხაროდ ეს მიღწეული ვერ იქნა", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა რეაქცია მოვლენებზე, რამაც გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მისი შეცვლა არ მოხდება.
"რეაქციამ მაშინ მიმდინარე მოვლენებზე მიგვიყვანა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებასთან. მე წარმოდგენილი არ მაქვს ამის შეცვლა", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, აღიარება არის ერთგვარი წითელი ხაზი საქართველოსთვისაც, რომელიც იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
"ეს საქართველოსთვისაც ერთგვარად წითელი ხაზია, რომლის გადალახვა არ შეუძლია, რადგანაც როგორც თავად მიიჩნევს, ის იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს აფხაზებისა და ოსების ინტერესების გათვალისწინებით.
"ეს არის საკითხი, რომელიც ყურადღებით განხილვას მოითხოვს. მე ვიტყოდი, არათუ კომპეტენტურ გადაწყვეტილებას, არამედ საკითხის გადაწყვეტისას იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებას, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. უფრო ზუსტად ვერ ვიტყვი... თუ პატივისცემით მოპყრობა იქნება იმ ხალხებისადმი, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრებენ და ამ მიდგომის საფუძველზე მოიძებნება გადაწყვეტილება, მაშინ ეს გადაწყვეტილება იქნება ხანგრძლივი დროით. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილების გარეშე", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ.
"რაც შეეხება საქართველოს ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ და სურვილს გადადგას სხვა შემხვედრი ნაბიჯები, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ შეგვიძლია მისი შეფასება. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ჩვენც იგივეთი ვპასუხობთ", - განაცხადა პუტინმა.