"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ამ კანონის გაუქმებას მოითხოვს და ამ მოთხოვნას რეგულარული ხასიათი აქვს", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ამ კანონის გაუქმებას მოითხოვს და ამ მოთხოვნას რეგულარული ხასიათი აქვს. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებობს, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია", _ აცხადებს ციხელაშვილი და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოითხოვნები საქართველოს ხელს ვერ შეუშლის, კანონში ის ცვლილებები შეიტანოს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება.
"საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ აქვს კავშირი რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებთან.
ჩვენი ამოცანაა, კანონმა დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები და ამავდროულად, არ იყოს არაადეკვატურად მკაცრი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.