,,პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი იქამდე არ უნდა განადგურდეს, სანამ მისი შემქმნელების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განაცხადების კომენტირებისას.
,,არ ვეწინააღმდეგები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურებას, უბრალოდ, ვამბობ, რომ საჭიროა კონსულტაციები, კარგად გაანალიზება, რომ ერთის მხრივ საზოგადოების მოლოდინი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით შესრულებეული იყოს, ხოლო მეორე მხრივ უნდა დავიცვათ კანონის მოთხოვნები. ვფიქრობ, მასალების განადგურება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც წესით უკვე აღძრული უნდა იყოს, პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, ვინც თანამდებობებს ბოროტად იყენებდნენ და ამზადებდნენ უკანონო ჩანაწერებს, ამით მანიპულირებდნენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება", _განაცხადა კახიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და აღნიშნა, რომ ეს მასალები წარმოდგენს ერთადერთ ნივთიერ მტკიცებულებას იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ არქივს ქმნიდა.
,,ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისა და შენახვის წესებს არეგულირებს ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი". შესაბამისად ეს ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება განადგურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანების მიმართ საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სასამართლო განაჩენს გამოიტანს. Aასე წერია კანონში", _განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურება არ შეიძლება.
,,გამოძიება თუ გამოკვეთავს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სისტემური დამნერგველების ორგანიზებულ ჯგუფს, დააკავებს ამ პირებს და საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, იტყვის რა გააკეთა მისმა კლიენტმა უკანონოდ და მოითხოვს შესაბამის მტკიცებულებას. მაშინ ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რაც უკანონოდ მოიპოვა გავანადგურეთ. თუ ამას ვიტყვით მაშინ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დაგება სათანადო მტკიცებულებების გამო", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განაცხადებით, ,,შეიძლება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება".
"განადგურების ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილია. შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რამე მსგავსი. წვდომა ჰქონდეს რამდენიმე ორგანიზაციას და ა.შ. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.