პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დარბაზი ნაციონალური მოძრაობის მანდატით შესულმა დეპუტატებმა დატოვეს. დეპუტატების თქმით, იმის გამო რომ მათი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაკავებულია, მათ ბევრად მეტი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ პარტიაში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ.
„სესიაზე ჩვენ გამოვიყენეთ ტრიბუნა, სადაც ვთქვით რა პრობლემების წინაშე დგას ნაციონალური მოძრაობა. ასევე ის, რომ ჩვენი პარტიის მდივანი დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, თუმცა ამ ყველაფერზე უმრავლესობას არანაირი პასუხი არ გაუცია. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა სესიის დარბაზი, რადგან პარტიის გენერალური მდივნის გარეშე გვაქვს გადასაწყვეტი უამრავი საქმე და მათ შორის გვაქვს სამსჯელო პრეზიდენტობის კანდიდატზე. მოგეხსენებათ ამ კვირაში ყოველდღე სესიაა, ამიტომ როცა ჩავთვლით დეპუტატები საჭიროდ სესიის გარკვეულ პერიოდს დავესწროთ დავესწრებით, შემდეგ კი სესიის დარბაზს დავტოვებთ და პარტიის პრიორიტეტებს დავსახავთ"- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები სესიას გუშინაც არ ესწრებოდნენ. გუშინ მათი დაუსწრებლობის მიზეზი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე დასწრება იყო.