პრემიერ-მინისტრი თვითონ იყო წინააღმდეგი არაღიარების პოლიტიკის გატარებისა საერთაშორისო არენაზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ
ნიკოლოზ ვაშაკიძემ გადაცემა „ღია სტუდიაში" . მისივე თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრს ასეთი განწყობა აქვს, შეუძლებელია შემსრულებლებმა ინტენსიურად იმუშაონ ამ მიმართულებით? ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ მრავალ სხვა საკითხთან ერთად ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების თემა სწორედ ეს იყო ჩვენს შორის.
„კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ სასარგებლო პროცესს პროვოცირება გავუკეთე, იმიტომ, რომ ამას მოჰყვა მწვავე დებატი საზოგადოებაში და ეს პროცესი დაგვირგვინდა მერე ცნობილი საპარლამენტო დოკუმენტის მიღებით, რაც ძალიან კარგი და სწორი დადებითი შედეგი იყო. იქ ერთგვარი კრისტალიზაცია მოხდა საგარეო პოლიტიკური კურსის, რაც ასეთი მკაფიო მაშინ არ იყო, იმიტომ რომ გაუგებარი განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის, ძალიან მაღალ დონეზე და ეს ჩემი გადადგომის დროსაც აღვნიშნე ჩემს კომენტარებში.
კარგად ვიცით, რომ მმართველი კოალიციის შიგნითაც არ არის და არც მაშინ იყო ერთგვაროვნება ამ საგარეო პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გარეთ რომ გამოდიან ამბობენ, რომ ჰარმონიაა შიგნით, მაგრამ ხომ ვიცით რომ ეს ასე არ არის. ამ სერიოზული და მტკივნეული თემის ზედაპირზე ამოტანამ გამოიწვია ის, რომ მოუწიათ ყველა ამ პროცესში ჩართულ ძალებს მკაფიოდ ჩამოეყალიბებინათ ეს კურსი და საბოლოო ჯამში ის დოკუმენტი მივიღეთ. თუმცა, მე კიდვე ერთხელ შეგახსებთ, რომ იმ დოკუმენტის პროექტებში, იმისთანა პასაჟები იყო ჩადებული, რომელიც რეალურად ასაბუთებდა ძალიან სერიოზულად იმ ეჭვებს, რომლებიც მე გამოვთქვი. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ამოტანილი იქნა ზედაპირზე და დაიწმინდა, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა, მხოლოდ დეკლარირება და სურვილი აბსოლუტურად საკმარისი არ არის - თუ ის არ მაგრდება სწორი და აქტიური და, გნებავთ, პროაქტიური შემოქმედებითი საგარეო პოლიტიკური საქმიანობით და არ არის გამაგრებული იმ შიდაპოლიტიკური პროცესების სიჯანსაღით, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და სწორი ეკონომიკური განვითარებით, ამ დეკლარირების ფონზე, შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ სულ სხვა ბანაკში ამოყო თავი - ეს არის საფრთხე სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, ახლა რომ ამბობენ, აი რა გინდათ, ხომ ვთქვით და განვაცხადეთ - არ არის მეგობრებო ეს საკმარისი. უნდა დავინახოთ სულ სხვანაირი, არსობრივად და ფორმით აქტივობა საერთაშორისო არენაზე და რაც მთავარია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ხელს უნდა უწყობდეს ამ ორიენტაციას", - აცხადებს ვაშაკიძე და აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა არ არის არც ჯანდაცვა და არც სოფლის მეურნეობა.
„სამწუხაროდ არ შემიძლია ყველა საკითხზე, გასაგები მიზეზების გამო ღია საუბარი, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე ეს საჯაროდ ცნობილი გახდა და პრეზიდენტმაც გააჟღერა ეს ამას წინათ, უკვე შემიძლია ამაზე საუბარი თუმცა აღვნიშნავ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს მაინც არ გაჟღერებულიყო. ეს საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისათვის - ასეთი ფაქტების გარეთ გამოტანა, რომ პრემიერ-მინისტრი თვითონ იყო წინააღმდეგი არაღიარების პოლიტიკის გატარებისა საერთაშორისო არენაზე და როდესაც მას ასეთი განწყობა აქვს, როგორ გინდათ თქვენ, რომ შემსრულებლებმა ინტენსიურად იმუშაონ ამ მიმართულებით? და მრავალ სხვა საკითხთან ერთად ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების თემა სწორედ ეს იყო ჩვენს შორის. ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ძალიან თავს ვიკავებდი", - განაცხადა ვაშაკიძემ.