საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიულოცეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიულოცვის წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
"პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო,
ჩემი და მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და თქვენი სახით თქვენს მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. აზერბაიჯანსა და საქართველოს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ეს ურთიერთობა, რომელიც დინამიურად და ყოველმხრივ ვითარდება, ახალ შინაარსს იძებს და სტრატეგიულ პარტნიორობამდე მივიდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაყრდნობით თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ასევე რეგიონულ და საერთაშორისო სტრუქტურებში, გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის და რეგიონში პროგრესისა და სტაბილურობისთვის. ამ დღეს მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა
პატივისცემით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
"უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობასა და პატივისცემაზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სამუშაოში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია ვიქტორ იანუკოვიჩის ოფიციალურ მისალოც წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს მიხეილ სააკაშვილს ბელორუსის პრეზიდენტი. ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ ბელორუსი მაღალ შეფასებას აძლევს ორ ქვეყანას შორის მიღწეულ ურთიერთობას და დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოსა და ბელორუსის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.