საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა დაამტკიცა. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა. მათ თანახმად, ემბლემა არის მრგვალი ჰერალდიკური ფარი შავი არშიით. ფარის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ბუ - სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის, ინტუიციისა და ინტელექტის სიმბოლო. ფარის ზედა ნაწილზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი (ოქროსფერი), ფარის ქვედა ნაწილზე კი -- ოქროსფერი ისარი - საბრძოლო მხარდაჭერის სიმბოლო და ოქროსფერი გასაღები -- დახურულის გახსნისა და საიდუმლოს ამოხსნის სიმბოლო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემის გამოყენების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს.