საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს - "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016". საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი, განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.
საქართველოს თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაზე მუშაობა 2009 წელს ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის (National Security Review) ფარგლებში დაიწყო. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ექსპერტები. დოკუმენტის დამტკიცებამდე თავდაცვის სამინისტრომ კონსულტაციები და განხილვები მოაწყო როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ასევე დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ექსპერტებთან.
დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებს 2013-2016 წლებისათვის. მასში ასახული რეკომენდაციები, არსებული შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე ბოლო წლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, აყალიბებს ხედვებს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
2013-2016 წლების განმავლობაში თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეკომენდაციების განხორციელება წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს უმთავრეს ამოცანას. შეზღუდული რესურსები და ცვლადი უსაფრთხოების გარემო კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებულად და გეგმაზომიერად განახორციელოს დოკუმენტით განსაზღვრული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება განაპირობებს ეფექტიანი მართვისა და სტრუქტურის მქონე, პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელიც შესძლებს უზრუნველყოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და სამოქალაქო ხელისუფლების დახმარებას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.
არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით, სშძ-ისთვის ძირითად დაბრკოლებად რჩება თავდაცვის შეზღუდული რესურსები. აღნიშნული წინააღმდეგობის გადასალახად აუცილებელია შესაბამისი მოდერნიზაციის გეგმების შემუშავება, ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა და არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესება.
დოკუმენტში განხილულია, როგორც თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ ორგანიზაცებში ინტეგრაციის საკითხები, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული და პოტენციური საფრთხეები და გამოწვევები.
დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია და განხორციელდება აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება, ცვლადი უსაფრთხოების გარემოდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ.
თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში შესაბამის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტთან ანგარიშვალდებულება და მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. თავდაცვის სამინისტრო გააუმჯობესებს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების მექანიზმებს და ანგარიშვალდებულების ფორმებს, რეგულარული მოხსენებებისა და ანგარიშების საშუალებით.
თავდაცვის სტრატეიული მიმოხილვის დოკუმენტის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს თსმ-ს განხორციელების გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსფორმაციის პრიორიტეტების გეგმაზომიერად განხორციელების და მისი მონიტორინგის პროცესს.