საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფია დაინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა Georgian Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„მინისტრის დანიშვნის გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ვადა იწურება და არ შეიძლება მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ გააგრძელოს მუშაობა. ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ვინც დღეს მინისტრის მოვალეობის მოვალეობის შემსრულებელია ის დაინიშნება მინისტრად" - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დავით კირვალიძესთან დაკავშირებით „კარგად დასრულდა", ის თანამდებობას დაუბრუნდება.
„შალვა ფიფიას შევუთანხმეთ, რომ, თუ მადლობა ღმერთს და კირვალიძისთვის დამთავრდა ყველაფერი კარგად, ფიფია თავისით დაწერს განცხადებას და კირვალიძე დაიბრუნებს საკუთარ ადგილს. თუმცა იქ ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას სერიოზული კითხვები აქვს. როდის დასრულდება გამოძიება კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა, ვადები გადაჭარბებული არ იქნება. როცა პროკურატურას ვეკითხები ამის შესახებ, მეუბნებიან, რომ გაუძლიერდათ ის ეჭვები და მტკიცებულებები, რაც ჰქონდათ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.