აშშ-ის განცხადება საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით. განცხადებას „ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
„შეერთებული შტატების მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთა, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის, დაკავებასა და დაპატიმრების საქმეებს. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ აღნიშნულ გამოძიებათა და სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის - მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის - დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მგრძნობიარე ისეთ საქმეებში, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება. შევნიშნავთ, რომ ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის საქმის წინა-სასამართლო, აგრეთვე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომები ღიაა. მოვუწოდებთ [მთავრობას], გააგრძელოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. გვჯერა, რომ წინა-სასამართლო პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ზედმიწევნით დასაბუთებულად და შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ევროპულ სახელმძღვანელო პრინციპებსა და ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.