„ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერი ვილფრედ მარტენსი გაკვირვებასა და შეშფოთებას გამოთქვამს „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გამო. ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
„ეს დაკავებები საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია და არის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი. ოპოზიციური პარტიის განადგურება მშინვნელოვან შედეგებს მოიტანს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში",- აცხადებს მარტენსი და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გაუწიოს მონიტორინგი წინასაარჩევნო პროცესებს.
მარტენსი იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილის ფუნდამეტური უფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კოვნენციით, დაცული იქნება იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროატლანტიკურ სტრუქრურებში გაწევრიანება სურს.
მარტენსი მოუწოდებს ევროკომისიას და სხვა ევროპულ ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიონ სასამართლო პროცესებს, თავად „სახალხო პარტია" კი პროცესებისთვის მონიტროინგის გაწევას აპირებს.
მარტენსი იმედოვნებს, რომ სასამართლო აპარტიულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„საჯარო ბრალდებები და შანტაჟი „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ის, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ არის კავშირი მიმდინარე გამოძიებებსა და „ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერებს შორის და ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა - მიბიძგებს დავიჯერო, რომ გუშინდელი დაკავებები არის ხელისუფლების ახალი ეტაპი, გაანადგუროს ოპოზიცია",- აცხადებს ვილფრედ მარტენსი.
მისივე თქმით, თუ დამტკიცდა, რომ ეს დაკავებები პოლიტიკურია, ამას შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი.
„ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერი ეხმაურება 17 მაისს განვითარებულ მოვლენებსაც და აცხადებს, რომ ის გაოცებულია „ქართული ოცნების" ხელისუფლების მცირე რეაქციით 17 მაისს ლგბტ პირების აქციაზე თავდასხმის მიმართ.
„გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება და ის უნდა იყოს პატივცემული პირადი რწმენების მიუხედავად",- აცხადებს მარტენსი და იმედოვნებს, რომ ამ ძალადობრივი ქმედებებში დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა ევროპარლამენტში. მის ფრაქციაში გაწევრიანებულია პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
მასალის გამოყენების პირობები