სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლას მიესალმება. როგორც დღეს მინისტრმა განაცხადა, ამ პროცესებში ჩართულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც.
„ეს რთული თემაა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გახლდათ კონსტანტინეპოლში და მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. ბუნებრივია იქ აფხაზეთზეც იქნებოდა საუბარი. ალბათ რაღაც პოზიციებზეც შეთანხმდნენ და ჩასვლა აფხაზეთში შეთანხმების საფუძველზე მოხდება. ეკლესია არ არის პოლიტიკური სტრუქტურა, მათ თავიანთი არხები გააჩნიათ. თუ ეს მოხერხდება, ბუნებრივია, მივესალმებით. მიმაჩნია, რომ შეხვედრა უნდა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის დონეზე და აქ სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა იყოს გარეული, რათა ხელი არ შეეშალოს ეკლესიურ საქმიანობას. ისევ და ისევ ეს უნდა მოახერხონ რუსეთის ეკლესიასთან ერთად, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიაც ჩართულია ამ პროცესებში"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები