კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი, არავითარი ინდულგენციები არავისზე არ გაიცემა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა საქართველოს ექს-პრემიერისა და შინაგან საქმეთა ექსმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"ვანო მერაბიშვილის დაკავება მოხდა კანონიერად, კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი, არავითარი ინდულგენციები არავისზე არ გაიცემა. თავის დროზე თვითონ მან და მისმა წრემ შექმნა მითი,მისი შორსმჭვრეტელობის და ყოვლისშემძლეობის შესახებ, ჩემი სუბიექტური აზრით მისი გონებრივი შესაძლებლობები მეტად მწირი იყო, ხოლო რაც ჰქონდა ისიც მიმართული იყო აგრესიისკენ, მასიური დაჭერებისკენ, სხვათა ქონების დაპატრონებაზე, თავისი ოჯახის წევრების გამდიდრებაზე, თვალთმაქცური გარიგებებით სასათბურე პირობებს უქმნიდა მასთან დაახლოებულ პირებს. აი ძირითადად ის საკითხებია, რაზეც მას ბრალი წაუყენეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა.
ჩრდილელი გირგვლიანის სქმესაც შეხო და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობის საკითხია.
"ახლა რაც შეეხება გირგვლიანის თემას, სანდროს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ სრული სიზუსტით დაადგინა ამ შემზარავ საქმეში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის მოტივი, ორგანიზატორები და შემსრულებლები. გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩვენი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობის საკითხია, სხვათაშორის ამავეს ითხოვს სტრასბურგის სასამართლოც", - განაცხადა ჩრდილელმა და დასძინა, - " მერაბიშვილი, რომელიც თოქ-შოუებში გამოირჩეოდა ვითომ ხალასი ბუნებით და წარმოგვიდგებოდა ენამოსწრებულ პიროვნებად, სინამდვილეში გახლავთ 26 მაისის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. დიახ მან გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა, რასაც შეეწირა ორი ადამიანი და დასახიჩრდა ათობით ჩვენი მოქალაქე. ზუსტად მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც 7ნოემბრის აქციის საზარელი დარბევის შემდეგ, გამარჯვებული ომის სარდალივით ჩაიარა რუსთაველის გამზირზე".
ჩრდილელი აცხადებს, რომ მერაბიშვილს ავიწყდებოდა, რომ ხალხის მსახური უნდა ყოფილიყო და არა პირიქით.
"მერაბიშვილის ოცნება ერთხელ გააჟღერა ეროსი კიწმარიშვილმა, ასე ამბობდა არაფერი მინდა-ახალციხის ცენტრში, უნივერმაღია და ის გახდეს ჩემიო. მაგრამ როგორც ეტყობა ივანეს ამბიციები, თავის თანამდებობებთან შეფარდებით ეზრდებოდა. ამ ადამიანს მორალთან შეხების წერტილი არასოდეს ჰქონია, მას ავიწყდებოდა, რომ ხალხის მსახური უნდა ყოფილიყო და არა პირიქით. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნურავინ გაცემს ინდულგენციებს და ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოში აწი იქნება შერჩევითი სამართალი. ყველამ უნდა გაიზიაროს მისი წილი პასუხისმგებლობა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ოთარ ჩრდილელმა.