საპარლამენტო უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ სავსებით შესაძლებელია ხელისუფლებამ იმ ადამიანების დაჭერები გააგრძელოს ვისაც არახელსაყრელად მიიჩნევს პოლიტიკური თვალსაზრისით.
"როდესაც საერთოდ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, სავსებით შესაძლებელია ნებისნიერ ადამიანს, ვინც არახელსაყრელი არის მათთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, რაიმე სახის ბრალდება შეუთითხნონ", _ აცხადებს წიკლაური და აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნებია ხელისუფლება შეეცდება მარგველაშვილი ერთადერთ კანდიდატად დატოვოს.
" ახლა წინ ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, მარგველაშვილის რეიტინგი არის ის რაც არის და ასეთი დაბალი რეიტინგი საპრეზიდენტო კანდიდატს პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიას საერთოდ არ ახსოვს. ამიტომ თუ ვინმეს ექნება მაღალი რეიტინგი შეეცდებიან, რომ სხვა და სხვა ხერხებით მათ შორის იზოლაციითაც მოახერხონ ის, რომ დატოვონ მარგველაშვილი ერთადერთ კანდიდატად, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ხერხები არის ის ხერხები რომლებსაც თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო აიტანს",_ აცხადებს წიკლაური და დასძენს, რომ დიქტატორი ლიდერებისათვის დამახასიათებელი უკანონო ხერხები და დიდხანს ვერ გასტანს და დასრულდება იმ ხელისუფლების მარცხით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ოპონორებისას გამოიყენოს ასეთი პრიმიტიული და სასტიკი მეთოდები.
მასალის გამოყენების პირობები