ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ საერთაშორისო ორგანიზაცია „ვათანის" დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა მუსულმანი მესხების თემაზე ისაუბრეს და მათთვის რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროში შესულია 8900 განაცხადი, 1053 კი მინიჭებული აქვს რეპატრიანტის სტატუსი.
დავით დარახველიძე: „ ვათანის" წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი. სულ სამინიტროში შემოსულია 8900 განაცხადი, მათ შორის 5841ზრდასრული ადამიანის. აქედან 1053 პირს უკვე მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი. მათ შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის უწყებებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. ასევე, დამუშავების პროცესშია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივებას."
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო მუსულმანი მესხების საქართველოს ტერირორიაზე განსახლებასაც. „ ვისაუბრეთ საქართველოში მათი განსახლების საკითხებზე. კერძოდ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც არის თავისუფალი სახლები, თავისი საკარმიდამო ნაკვეთებით , შეუძლიათ იყიდონ და მოახდინონ ინტეგრაცია. ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ახალციხის რაიონში მათ კომპაქტურად ჩასახლებას, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის რთულია ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე. ჩვენ დღეს 60 000-მდე დევნილი ოჯახისთვის გვაქვს გადასაწყვეტი საცხოვრებელი პირობები და დასაქმების საკითხები და ამავდროულად, ჩვენი მესხი თანამემამულეებისთვის კომპაქტური ჩასახლების მოწყობა ამ ეტაპზე რთულია' - აღნიშნა დავით დარახველიძემ.
აზერბაიჯანის „ვათანის" ხელმძღვანელმა იბრაჰიმ მამედოვნა კი აღნიშნა, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. მინისტრისგან პასუხები ყველა კითხვაზე მიიღეს და სამინისტროსთან თანამშრომლობა აქტიურად გაგარძლდება.
მუსულმანი მესხების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ვათანი" სხვადასხვა ქვეყნებში 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ მესხებს ადაპტირებაში დახმარება და უფლებების დაცვა.