"საქართველოს პარლამენტის განზრახვა, მიმართვა გაუგზავნოს ჩრდილოეთ კავკასიის პარლამენტებს და მათ რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობა შესთავაზოს საქართველოსათვის ერთი შეხედვით რაიმე განსაკუთრებული საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა ამაში საფრთხე ნამდვლად დევს", _ ასეთ კომენტარს აკეთებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას.
"კონკრეტულად ეს შემთხვევა რაიმე განსაკუთრებული ხიფათის შემცველი, ერთი შეხედვით არ ჩანდ, მაგრამ თუკი ამას რუსეთის გაღიზიანების საერთო ჯამში ჩავდებთ და დავამატებთ ბევრ ისეთ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს _ ეს უკვე რასაკვირველია ხიფათის შემცველი ნამდვილად არის", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო რეალურია იმ ფონზე, როდესაც ეს ხიფათი ყოველდღიურია და რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აგრძელებს.
"რუსეთი ხომ, საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების გარდა, სხვა ტერიტორიების ანექსიასაც აგრძელებს და ეს ყოველდღიურად ხდება. მაგალითად, პერევის ეპიზოდი, კავკასიის მთიანეთის მიმდებარე ტერიტორია, განსაკუთრებით ყაზბეგის რაიონის რუსეთის მონაკვეთის. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება. ასეთი ტიპის განცხადებები კი ყველანაირად ხელს უშლის ნებისმიერი დიალოგის ფორმატის შექმნას ორ ქვეყანას შორის", _ აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მომგებიანი არ იქნება.
"წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის დუმამ ასეთივე განცხადება გააკეთოს და განაცხადოს, რომ მას უნდა განსაკუთრებული მეგობრობა და ახლობლობა აჭარის პარლამენტთან. აქ რა ამბავი ატყდება, ადვილი წარმოსადგენია, ამიტომ ჩვენ შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ და განცხადება განცხადების გამო არ უნდა გაკეთდეს", _ აცხადებს არეშიძე.
ექსპერტი ასევე ანიშნავს, რომ ეს რომ ყოფილიყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ჩრდილოეთკავკასიური ხალხებისადმი, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ "ასეთი ტიპის პოლიტიკური ორგანოს განცხადება, რომელიც თავისთავად უშედეგოა, გაღიზიანებისა და გართულების მეტს არაფერს გამოიწვევს", _ აღნიშნავს არეშიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.