ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდა. მათ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთის გაყინული აქტივები განიხილეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ისინი შეთანხმდნენ, რომ „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა ევროპული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონსტრუქციული მოსაზრებების გაცვლა გვქონდა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელგიის „განსაკუთრებული სიტუაცია“ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით „უდავოა“ და უნდა მოგვარდეს ისე, რომ „ყველა ევროპულ სახელმწიფოს იგივე რისკი დაეკისროს“.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ დისკუსიებს 18 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის 2026-2027 წლებში დაფინანსების შესახებ ორი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ მისაწოდებლად ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენებას ითვალისწინებს.
ახალი წინადადების გამოცხადებამდეც კი, ბელგიამ ის კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნია.
მერცმა პარასკევს ოსლოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ბრიუსელში გაემგზავრა.
მედია საშუალებები იუწყებოდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ლობირება მოახდინა, რათა დაბლოკოს ევროკავშირის გეგმები, რომელიც უკრაინისთვის სესხის უზრუნველსაყოფად რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს.