ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს პარლამენტის განზრახვას, მიმართვა გაუგზავნოს ჩრდილოეთ კავკასიის პარლამენტებს და მათ რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობა შესთავაზოს, "უშედეგოს" უწოდებს.
"მიმაჩნია, რომ ეს განცხადება ერთდროულად დაგვიანებული, ნაჩქარევი, უშედეგოა. 90-იან წლებში გვქონდა ურთიერთობის ასეთი ფორმატი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან და მათ პარლამენტებთან. მაშინ საქართველოს პარლამენტში არსებობდა შესაბამისი კომისია, რომელსაც კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის კომისია ეწოდებოდა, ამ კომისიას მე ვხელმძღვანელობდი. რუსეთი თვალს ადევნებდა ჩვენს ურთიერთობას და ყოველ შემთხვევაში ხელს მაინც არ გვიშლიდა, იმიტომ რომ მაშინ ყოველივე ეს პრინციპში შეთანხმებული იყო რუსეთის საელჩოსთან", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკების ხელისუფლება ძირითადად რუსეთის მმარველი პარტიის "ედინაია როსიას" წევრებითაა დაკომპლექტებული, გამორიცხულია, ისინი საქართველოს რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობაზე დასთანხმდენ.
"დღეს, როდესაც რუსეთთან ურთიერთობია არანაირი ფორმატი არ არსებობს, ასეთი ურთიერთობა შედეგის მომტანი არ არის. ყველა ამ რესპუბლიკის პარლამენტის წევრი არის აბსულუტურად მიბმული ცენტრალურ ხელისუფლებას. მეტიც, "ედინაია როსიას" წევრებით არის დაკომპლექტებული ეს პარლამენტები. ასე რომ, შედეგი არ იქნება", _ აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ამ მიმართვას გამოხმაურება, შესაძლოა, მხოლოდ პასიურ ან არაოფიციალურ დონეზე მოჰყვეს.
"გამოხმაურება რომელიმე პარლამენტის მხრიდან შეიძლება იყოს, ოღონდ პასიური და არაოფიციალური, მაგრამ ეს არაფრის მომტანი არ იქნება. ერთადერთი, ვინც შეიძლება ამ განცხადებას ყურადღება მიაქციოს, ეს იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ევროპაში მცხოვრები დიასპორა, მხოლოდ ევროპაში. სხვა მხრივ კი ამ მიმართვიდან რაიმე ცვლილებას არ ველი და მიმაჩნია, რომ ეს არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება", _ აცხადებს არეშიძე.