გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ლიდერებს შორის 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინა მიიღებს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რომელსაც ის მხოლოდ რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდის შემდეგ დაფარავს.
ამის შესახებ მან პარასკევს საღამოს, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის საკითხის განხილვა ექვს საათს გაგრძელდა.
„უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი საბოლოოდ შეთანხმდა. ევროპამ გაიგო, რა დევს სასწორზე და ევროპამ აჩვენა თავისი სუვერენიტეტი. უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მზადაა. როგორც მოვითხოვე, ის მოიცავს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს და უკრაინას ამ სესხის დაფარვა მხოლოდ რუსეთისგან რეპარაციების მიღების შემდეგ მოუწევს.
თქვენ იცით, რომ პარასკევს ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება რუსული აქტივების დაბლოკვის შესახებ, ვიდრე რუსეთი რეპარაციებს არ გადაიხდის. და ჩვენ დღეს ამ თემას რამდენიმე საათის განმავლობაში განვიხილავდით“, - თქვა მან.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირის ლიდერები „მზად არიან გაყინული აქტივები სესხის დასაფარად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენონ, თუ რუსეთი რეპარაციებს ვერ გადაიხდის“.
„ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს აძლევს. ეს სესხი კაპიტალის ბაზრიდან მოდის და უკრაინა მას მაშინ იღებს, როდესაც სახსრები სჭირდება. რუსეთის სუვერენული აქტივები ჩამორთმეულია და დაბრუნდება მხოლოდ რუსეთთან უკრაინისთვის რეპარაციების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ. თუ სესხის დაფარვის დროისთვის კომპენსაცია არ იქნება გადახდილი, ჩვენ შევძლებთ რუსული აქტივების გამოყენებას გადახდების განსახორციელებლად. ამის ვარიანტები მაგიდაზეა.
მაგრამ უპირატესობა ის არის, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ გამოცდილი ევროპული ინსტრუმენტები და უკრაინას მივაწოდოთ საჭირო დახმარება ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე, - განაცხადა მერცმა.