საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ როგორც იქნა პრემიერ-მინისტრმა ტონი შეიცვალა და აღიარა, რომ წინა მთავრობის დატოვებული სისტემა წარმატებულია. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ახალ მთავრობას რჩევები მისცენ.
"გამიხარდა, რომ დღეს მთლიანად შეიცვალა ტონი საქართველოს მთავრობამ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს თურმე ჰქონია ძალიან კარგი საბაჟო სისტემა, ძალიან კარგი საგადასახადო სისტემა და მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტში განაცხადეს, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის რეიტინებში ვართ მეცხრე ადგილზე. ერთი სიტყვით - ის რასაც მთელი ეს თვეები ეძახოდა სიცრუეში ცხოვრებას და ჩვენს პიარს და ჩვენ როგორ ვატყუებთ მთელს მსოფლიოს, ახლა როდესაც გაუჭირდათ და ინვესტიციები აღარ შემოდის საქართველოში და ყველაფერი გაჩერდა მოუხდათ ამის აღიარება და ძალიან კარგი - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობისათვის რჩევების მისაცემად მზადაა.
"ჩვენ მზად ვართ მათ მივცეთ ყველანაირი რჩევები, მე ვარ მზად მათ მივცე ყველანაირი რჩევები რათა ის სისტემა, რომელიც ჩვენ დავუტოვეთ ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ არის ძალიან გამართული და კარგი კიდევ უფრო გააუმჯობესონ.
ყველა შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს არის ბრენდი. ჩვენ როდესაც დავდივართ უცხოეთში რა შეიძლება მსოფლიოს ვუთხრათ. თუ ვიძახეთ, რომ ჩვენ ვართ უაზრო, სუსტი და არაფერის მაქნისი ქვეყანა ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?! ხოლო როდესაც ვართ მოწინავე ადგილებზე და როდესაც გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო, ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო და ერთ-ერთი საუკეთესო ანტიბიუროკრატიული და ანტიკორუფციული სისტემა მთელს მსოფლიოში - ეს უკვე ბრენდია საქართველოსი და კარგია რომ როგორც იქნა პრემიერ-მინისტრს მოუწია ამის აღიარება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები