პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ძალადობასა და სისასტიკეში რუსეთის არმიას კონკურენციას არასოდეს გაუწევს.
"შეუძლებელია, რომ საქართველომ ძალადობასა და სისასტიკეში კონკურენცია გაუწიოს იმ რაზმებს, რომლებიც მათ მიერ გაკეთებული მავთულხლართების მეორე მხარეს არიან დაბანაკებულები. სიმბოლურია, რომ დღეს დილიდან "ეფ ეს ბეს" ჩამოყვანილმა სპეციალურმა რაზმებმა ქართველებსა და ოსებს შორის სადემარკაციო ხაზზე მავთულხლართების გაბმა დაიწყეს", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს გორში ყოფნისას, სადაც გორის გარეუბანში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა ახალი დასახლება გაიხსნა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, ვინც ომის შემდეგ კონფლიქტურ ზონაში დარჩა კარვებში ცხოვრობს და მშივრები არიან, მაშინ როცა "მეორე მხარე ყოველდღიური მუქარის მიუხედავად შენება არ წყდება".
"ვაშენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მუქარის ქვეშ ვიმყოფებით. რუსები აკეთებენ საკონტროლო ზოლებს და ჩვენ ვაგებთ მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიით. ისინი ზრუნავენ თავიანთ იმპერიულ სიდეადესა და სიამაყეზე და ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. ისინი ზომავენ თავიანთ ძალას იმით, თუ ვინ როგორ დაჩაგრეს, შეურაცხყვეს და სულში ჩააფურთხეს და მოუსპეს მომავალი და ჩვენ ვზომავთ იმით, რამდენად პატივს გვცემენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები და მეორე რიგში, ჩვენს გარშემო მყოფი ჩვენი მეზობელი ერები და სახელმწიფოები", - განმარტა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გორის გარეუბანში დევნილების ახალ დასახლებაში, რომელსაც სავარაუდოდ, გერმანიის დასახლება ერქმევა, სიმბოლურად პირველი ხე სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დარგო.