ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის კოსოვოს მაგალითის გამოყენებას აპირებს - ამის შესახებ განცხადება პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.
"აღშფოთებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც უკავშირდება ხელახლა გაცოცხლებას იმ გამოძიებისა, რომელიც დაიწყო უშუალოდ აგვისტოს ომის შემდგომ დღეებში და უკავშირდება რუსეთის აგრესიის შედეგად გამოვლენილ სამხედრო დანაშაულებს... კოლეგებო, მინდა, თქვენ მოგმართოთ, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართლით ომს არ იწყებს კონკრეტული პირი. მესმის, რომ თქვენ გამოძრავებთ ზიზღი, აგრესია ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, ეს აქ გამოთქმულ განცხადებებშიც დაფიქსირდა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი წულუკიანის რევანშისტული ვნებების დაკმაყოფილება, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იქნება დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ვალდებულება, აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ დიახ, ის ამისთვის ემზადება. ის ემზადება იმისთვის, რომ კოსოვოს მაგალითი, რომელიც არის საპირისპირო მაგალითი საქართველოსთან შედარებით (საპირისპირო არის იმიტომ, რომ კოსოვოში, კოსოვოს მოსახლეობა იყო მსხვერპლი აგრესიისა), ზუსტად ეს მაგალითი გამოიყენოს და დაადასტუროს, რომ ჯერ საქართველომ განახორციელა აგრესია 2008 წლის ომის დროს და შემდგომში სწორედ სამხეთ ოსეთის და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებს აქვთ დამოუკიდებლობის უფლება. სწორედ ამას ემსახურება დღეს ოკუპაციის კანონის განხილვაც და გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება, მოყვეს", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები